logo
ENG



ბრეგაძე, ურთმელიძე, ორდენიძე - ანტიკორუფციული მოძრაობა "სააკაშვილის სიაზე" მუშაობას იწყებს

10 იან 202313:17
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ "სააკაშვილის სიაზე" მუშაობას და მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს.

მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ამ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ პირდაპირ მონაწილეობს ან ახალისებს "იმ წამებას, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციაც ფართო საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი"

მოძრაობის წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა ის სამი ადამიანი, რომლებიც ამ სიაში მოხვდებიან. ესენი არიან: სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე, გლდანის ციხის უფროსის მოადგილე გოგა ორდენიძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

მოძრაობის თქმით, მათ კომუნიკაცია ექნებათ ადგილობრივ დონეზე ნაციონალურ მოძრაობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ ძალებთან და ასევე კონსულტაციებს გამართავენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები დაწყებული, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ გავაგრძელებთ ვიზიტებს ბრიუსელში, სხვა პოლიტიკურ ცენტრებში და ჩავიტანთ კონკრეტულ მტკიცებულებებს  იმ ადამიანების შესახებ, ვინც კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინეს. სამ მათგანს დავაანონსებთ, რომ მოელით მძიმე ბედი, იმიტომ რომ არც საქართველო, არც მითუმეტეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ ადამიანებს არ აპატიებენ რასაც სჩადიან.

ესენი არიან: მალხაზ ურთმელიძე, რომელიც სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ის გუშინ გამოვიდა და ამ ადამიანმა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა გაიმეორა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ იმის ნაცვლად რომ სასამართლოზე ფაქტების და სამედიცინო მტკიცებულებების შესახებ ესაუბრა დაიწყო ქართული ოცნების და ზოგადად რუსული პროპაგანდა და პუტინის დაკვეთით ამ სპეცოპერაციის ჩატარებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას

ასევე, გოგა ორდენიძე, რომელიც არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩამდენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, როდესაც გლდანის ციხეში მოხდა მისი გადაყვანა და რატი ბრეგაძე, რომელიც ფაქტობრივად არის პუტინის ამ დავალების - მიხეილ სააკაშვილის წამების და მისი სიკვდილის ქრონიკის - კოორდინატორი“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, სიაში ასევე შევლენ ამ უწყებების სხვა თანამშრომლები და ქართული ოცნების ის წევრები, ვინც "თავიანთი რიტორიკით მუდმივად ახალისებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებას".

ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ამ სიას შესაბამისი დოკუმენტაციით მალე გადასცემენ საერთაშორისო პარტნიორებს და ისევე, როგორც მაგნიტსკის სიის შემთხვევაში "სააკაშვილის სიას" ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და საბოლოოდ საქართველოში პუტინის მთავარ მოკავშირეებსაც შეეხებათ.

 

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილამ მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს 8 იანვარს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

ბილ ბრაუდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასევე 8 იანვარს უპასუხა და იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაზე.

"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ", - დაწერა ბრაუდერმა Twitter-ზე.

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

 

close დახურვა